პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არასასურველი მდომარეობაა შექმნილი.
მისივე თქმით ფედერაციის პრეზიდენტისა და მწვრთნელებისა და სპორტსმენების ურთიერთობა ცალკე განსახილველი საკითხია, რადგან დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.
_ ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია.
მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში.
გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპოსრტმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდება, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში, _ აღნიშნა ზვიადაურმა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შოთა ხაბარელს მიმართა:
"ბატონო შოთა თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია".
შოთა ხაბარელის განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი. დეპუტატთა გადაწყვეტილებით წამოჭრილ საკითხზე კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.