სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აფხაზური დროშა გამოჩნდა. სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ფოტოს, საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით შენიშვნები მოჰყვა.
აფახაზური ტურისტული კომპანიები სტამბულის ტურისტულ გამოფენაში შარშანაც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ქართველი დიპლომატების ჩარევამ ორგანიზატორები აიძულა, რომ აფხაზური მხარისათვის გამოფენაში მონაწილეობა აეკრძალა.
"გურია ნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა.
"ვინაიდან მსგავსი შემთხვევა შარშანაც დაფიქსირდა, წელს ჩვენ თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ და ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებისაგან მოვითხოვეთ, რომ აფხაზური მხარე არ დაეშვათ გამოფენაზე. ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბროშურები და ატრიბუტები ჰქონდა სტენდზე წარმოდგენილი, ამ მოთხოვნის შემდეგ ყველაფერი აალაგებინეს. დარჩა მხოლოდ აფხაზეთის დროშა, რომელიც ამ კომპანიის სამუშაო მაგიდაზე იდო." – განუმარტეს "გურია ნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.