თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით საქართველოს პრეზიდენტიც დაინტერესდა. ამ წუთებში უნივერსიტეტში იმყოფებიან და სტუდენტებს ხვდებიან პრეზიდენტის მრჩევლები კახა კოჟორიძე და სოფიო შამანიდი. სტუდენტებმა მათ არსებული ვითარება გააცნეს და თხოვეს გადაეცათ პრეზიდენტისთვის, რომ მან დაგმოს უნივერსიტეტებში და საერთოდ სახელმწიფო დაწესებულებებში ოდეერის ინსტიტუტის არსებობა და მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას.
თსუ-ს სენატის წევრი ლევან ლორთქიფანიძის თქმით, უნივერსიტეტში ხდება "ძალიან დიდი უსამართლობა.
"სტუდენტთა დიდი ნაწილისათვის კანდიდატი, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, ასოცირდება ძალიან დიდ უსამართლობასთან, ძალადობრივ სისტემასთან და ოდეერთან. ჩვენი თხოვნაა პრეზიდენტის ადმინისტარაციისადმი, დააფიქსიროს თავისი მწვავე პოზიცია ოდეერის სამსახურის მიმართ. აგვიხსნან, რა არის საერთოდ ეს ინსტიტუტი და რატომ უქმნის პრობლემებს უნივერსიტეტებს? ჩვენ არ ვამბობთ რომ თვითონ ეს ადამიანია ამ სამსახურის წარმომადგენელი. ჩვენ ვაიძულეთ ბატონი რექტორი, რომ ეღიარებინა საჯაროდ, კამერების წინ რომ უნივერსიტეტში არსებობს ოდეერის სამსახური და მისი წარმომადგენლის სახელიც თქვეს. ეს არის გაფრინდაშვილის კურსელი და უკანასკნელი 5 წელი ისინი კოლეგები არიან."-განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ კახა კოჟორიძესთან შეხვედრის დროს.
უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება უნივერსიტეტში, მხოლოდ შიდასაუნივერსიტეტო განხილვის თემებია. ის უნივერსიტეტისთვის უფრო ფართო ავტონომიის მინიჭების საკითხსაც იზიარებს.
პაპავას მოსაზრებას არ ეთანხმებიან სტუდენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოდეერის სამსახურის არსებობა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა.