ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მეხუთე საკითხად გამოტანილი იყო საკითხი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების და გარდაცვალების შესახებ ოქმის შედგენა და გაცემა შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს უფლებამოსილება გამგებლის წარმომადგენლებს სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის გარეშე შეეძლებათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ თქვა, რომ კარგი იქნებოდა ეს საკითხი ოთხი წლის წინ დაწყებულიყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა.
"ეს იდეა თეა წულუკიანს მოუვიდა თავში მას შემდეგ, როდესაც გამოცხადდა არჩევნების თარიღი და დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. თავად წულუკიანი არ არის ჩემთვის სანდო და აქედან გამომდინარე "ნაცმოძრაობის" დეპუტატები ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ."
"გეკითხებით, რა ეჭვებს ბადებს ეს საკითხი და პასუხს ვერ მცემთ. აქ არაფერ შუაშია არჩევნები" – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ დავით მჟავანაძეს.
საბოლოო ჯამში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილება შევიდა. დეპუტატების უმრავლესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.