კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, გუშინ, ღამით, მას და მის გადამღებ ჯგუფს წნორის რწმუნებულმა თამაზ მათეშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა:
" წნორის პოლიციას ერთი საათია ვერ უპოვია უგონოდ ნასვამი საჯარო მოხელე, რომელმაც დაგვარტყა, იხულიგნა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, ჩაჯდა მანქანაში და გავარდა," _ წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მათეშვილმა თანამდებობა დატოვა:
"მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას," _ აღნიშნულია რწმუნებულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.