ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ საარჩევნო შტაბს უდგას სათავეში, მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ პირველ პირთან, ზაზა ურუშაძესთან (ურუშაძე „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობს) „გურია ნიუსის“ ეთერში დებატებისას მმართველ გუნდი ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
გია გოგუაძემ საკუთარი სიტყვების დასტურად „გურიას“ სტადიონის დამლაგებლის, ეთერ თევზაძის მაგალითი მოიყვანა.
„პრემიერის ჩამოსვლამდე სტადიონის თანამშრომლებს დაავალეს ტერიტორიის დასუფთავება. მათ შვიდი თვის ანაზღაურება აქვთ მიუღებელი. თევზაძემ უარი თქვა სამუშაოზე გამოსვლაზეც და ამ ღონისძიებაზე წასვლაზეც, რისთვისაც იგი სამსახურიდან გაუშვეს“, _ აღნიშნა გოგუაძემ .
თავად ეთერ თევზაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მან სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ უღირს იქ მუშაობა.
„იყო რაღაც უთანხმოება, თუმცა საგანგაშო არაფერი. სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე, არავის გამოვუშვივარ, არ მიღირდა იქ მუშაობა, ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები მაქვს“, _ გვითხრა თევზაძემ.
ეთერე თევზაძის სამსახურიდან წასვლას არ ადასტურებს სტადიონის დირექტორი ლევან იმნაძე, რომლის თქმითაც, სამსახურიდან წასვლის თაობაზე თევზაძეს განცახდება არც თავად დაუწერია და მითუმეტეს, არც ვინმეს გაუშვია.
„თევზაძე ჩვენი თანამშრომელია, მას განცხადება არ დაუწერია, რომ სამსახურიდან მიდის. ის, რაც გია გოგუაძემ თქვა, სისულელეა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგონილი. არც სახელფასო დავალიანება აქვს რომელიმე თანამშრომელს ჩემთან. ადრე სხვაგან თუ მუშაობდა ეს ქალბატონი და იქ ქონდა მიუღებელი ხელფასი, ეს არ ვიცი. ეს სამსახური რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ხელფასებსაც დროულად ვისტუმრებთ“, _ ამბობს ლევან იმნაძე.