ქალაქ ლანჩხუთში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც საკანალიზაციო ჭა თავღიაა. თანაც, ეს ჭა, თითქმის, ცენტრალურ მაგისტრალზეა და იგი ერთნაირად უქმნის საფრთხეს, როგორც ქვეითად მოსიარულეს, ისე ავტომანქანებს.
აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ 16 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ და შესაბამის სამსახურს ამ პრობლემის მოგვარება მოსთხოვა. მაშინ დეპუტატს კოლეგებმაც შეაშველეს სიტყვა.
თუმცა, როგორც ირკვევა პრობლემა არც მას შემდეგ მოგვარებულა, რაც მასზე ყურადღება საკრებულოს წევრებმა გაამახვილეს. საკანალიზაციო ჭა დღემდე ისე ღიაა, ოღონდ უსაფრთხოების დასაცავად ახლა შიგ ნაჭერმობმული ჯოხია ჩადებული.
საკითხთან დაკავშირებით გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით. როგორც მათთან საუბრის შემდეგ გაირკვა, ეს ჭა საკანალიზაციო არ გახლავთ და იგი კომპანია "სილქნეტის“ საკუთრებას წარმოადგენს.
„ეს ჭა „სილქნეტს“ ეკუთვნის“. ჩვენ წერილობით მივმართეთ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით. პირადადაც გვქონდა საუბარი ამაზე კომპანიის წარმომადგენლებთან. დაგვპირდნენ გავაკეთებთო. თუ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის საკითხი არ გადაიჭრება, მაშინ მკაცრი ზომების გატარება მოგვიწევს მათ მიმართ“, _ გვითხრა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა ხვიჩა ნიკოლაიშვილმა.