სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ოთხი საათის განმავლობაში სამტრედიის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. დაკითხვიდან გამოსულმა ჯოჯუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლებელია გარდაცვლილს წერილი მუქარის ქვეშ სხვამ დააწერინა და ამ საქმეში მესამე პირი ფიგურირებდეს. ნონა ჯოჯუა არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებული გოდერძი თევზაძე, უდანაშაულო იყოს და ნამდვილი დამნაშავე გარეთ თავისუფლად დადიოდეს.
ნონა ჯოჯუას ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ოჯახის ნათესავები.
როგორც გარდაცვლილის ბიცოლამ. დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა მისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა ნონა ჯოჯუამ პოზიცია ერთ დღეში, ის ფიქრობს, რომ ჯოჯუამ პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ თანხა აიღო.
"სად გაექცევა წერილს, რომელიც დემურიკომ დაწერა, რომ პოლიციელი გოდერძი მცემდა და მაშინებდაო. სად გაექცევა ექსპერტიზის პასუხს, სადაც ყველაფერი არის აღნიშნული. არ ვიცი, რა დაემართა ჩემს რძალს. ის, რასაც 3 თვეა, ვამტკიცებდით, ერთ დღეში რატომ გადაიფიქრა. დარწმუნებული ვარ, ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო", _ აცხადებს დარიკო ჯაში.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მკვიდრმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, რომელშიც პოლიციელ გოდერძი თევზაძეს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. თევზაძე გარკვეული დროით მიმალული იყო, შემდეგ კი გარდაცვლილი დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ის აღარ არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ მიიყვანა. თევზაძე გარკვეული დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, შემდეგ კი ის თავად ჩაბარდა პოლიციას.