პრემიერ-მინისტრი არ შეიძლება პარლამენტში დეპუტატიც იყოს _ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გიორგი კვირიკაშვილს რეკომენდაციას აძლევენ _ დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთანევე, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუცია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, პრემიერ-მინისტრობა და ზოგადად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.
"რა თქმა უნდა, ეს არის კონსტიტუციური შეუთავსებლობა და თუკი გიორგი კვირიკაშვილი აპირებს, ისევ იყოს პრემიერ-მინისტრი, საუკეთესო გამოსავალია, როგორც კი მოხდება სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა, მან დაუყონებლივ მიმართოს იმავე პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყეტის თაობაზე".
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველ ნომერად იყრიდა კენჭს.