მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს). აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი, როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო.
რგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, "სახელმწიფო პროექტის" შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.