საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი, ასევე გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა, განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, დამატებითი შეხვედრა გამართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის დასაწყისთი განმარტა, პირველი შეხვედრისას სამუშაო ჯგუფმა საკითხების დაახლოებით ნახევარი უკვე განიხილა და ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების მეორე თავის 19-ე მუხლზე გაჩერდა.
სხდომის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მისი ორგანიზაციის მიერ მომზადებული შენიშვნების სამუშაო ჯგუფში განხილვის საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საიამ საკონსტიტუციო კომისიას სოციალურ უფლებებთან და ადექვატური საცხოვრისის უფლების განსაზღვრასთთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინა, თუმცა მათი ასახვა არც ერთ მოქმედ მუხლში შესაძლებელი არ არის. შესაბამისად, საიას წარმომადგენელმა კონსტიტუციაში ახალი მუხლის გაჩენის შესაძლებლობის საკითხით და განხილვის პროცედურებით დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მეორე თავის მუხლობრივად განხილვის დასრულებამდე სამუშაო ჯგუფი საიას მიერ მომზადებულ შენიშვნებს ცალკე მიუბრუნდება და მოისმენს ყველა იმ წინადადებას, რაც უკვე განხილულ მუხლებში არ იქნება წარმოდგენილი.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუხლობრივი განხილვები მეორე თავის მე-20 მუხლიდან გააგრძელა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა, ადამიანის საკუთრების უფლებრივი მდგომარეობის და თანასწორობის, საგანმანათლებლო და კულტურის განვითარების და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საკითხებს განიხილავენ. სამუშაო ჯგუფის სხდომას პარლამენტის წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.