ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ცენტრში, არც ისე დიდი ხანია, რაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გაკეთდა, ირგვლივ კი, სკვერი მოეწყო. მემორიალურ დაფას გერმანიასთან ომში დაღუპულთა და შინმოუსვლელთა სურათები განახლებული სახით ამშვენებს.
9 მაისს, მემორიალთან შეიკრიბნენ სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, უფროსებთან ერთად. საგანგებოდ მომზადებული პროგრამის მიხედვით, ბავშვებმა ისაუბრეს შინმოუსვლელ გმირებზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, გაუშვეს ფრანი. ბევრმა მათგანმა პირველად გაიგო იმ მეომრების შესახებ, ვინც მათი სოფლიდან 72 წლის წინ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„ეს ზეიმი ძალზე ნიშანდობლივია. შინმოუსვლელთა მემორიალის და სკვერის მოწყობა ახლახან დასრულდა. ეს არის სოფლისთვის მუხლმოსადრეკი ადგილი და ყველა დიდი ხანი ელოდა მის გახსნას. ახლა ცხრა მაისიც მოგვადგა კარს და გამარჯვების დღე მართლაც ღირსეულ გარემოში აღნიშნეს ჩვენმა ბავშვებმა და პედაგოგებმა, სოფლის საზოგადოებამ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით, მემორიალის გახსნა საზეიმოდ აღგვენიშნა და გმირებისთვის პატივი მიგვეგო, რაც სიმბოლურად სოფელში მათ დაბრუნებასაც ნიშნავს. მით უფრო ახლა, როცა 9 მაისიც კარს მოგვადგა და ღონისძიება ჩავატარეთ. ყველა ძალიან კმაყოფილია, განსაკუთრებით პატარები, რომლებმაც აქ მოისმინეს საკუთარი გმირი წინაპრების შესახებ, ზეცისკენ გაუშვეს ფრანები, თაიგულებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მშვიდობისთვის დაღუპულთა ხსოვნას“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ჭანიეთში მერაბ ბერაძემ.