81 წლის მოხუცი გერონტი ღლონტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ცხოვრობს. მარტოხელას სახლში მხოლოდ ერთი კატა ჰყავს და მას შემდეგ, რაც ცოლიც მოუკვდა და შვილიც, ამ ერთი სულიერის ამარა, პენსიის იმედად არსებობს. სოციალური დახმარება, მიუხედავად უმძიმესი გაჭირვებისა და მარტოხელობისა, არასდროს ჰქონია. უშუალო, კეთილად მომღიმარი, ისე მორიდებით საუბრობს საკუთარ გასაჭირზე, თითქოს ამის მიზეზი თავად იყოს. ამბობს, რომ ოჯახში უცხო ახალგაზრდა ესტუმრა, დაათვალიერა გარემო, ჩაინიშნა რაღაცეები და დახმარებას შეპირდა: _ ერთ თვეში მოვალო. თუმცა, სამი თვე გავიდა და არავინ გამოჩენილაო, _ ამბობს ბატონი გერონტი.
_ გაჭირვებამ ჩემთვის მოიცალა _ ჯერ ცოლი მომიკვდა. შვილის უბედურებას თუ მოვესწრებოდი ამ ხნის კაცი, არ მეგონა, მაგრამ ბედმა ესეც არ დამაკლო _ ავთვისებიანი სიმსივნით გარდამეცვალა ჩემი მერაბი. რა უნდა გამიჭირდეს ამაზე მეტი? პენსია კი მაქვს, მაგრამ 80 წლის კაცს, სულ რომ წამალი მჭირდება, გჯერათ, რომ პენსიის ფული მეყოფა?! _ გვეუბნება გერონტი ღლონტი და საკუთარ კარმიდამოში გვაჩვენებს მანდარინის პლანტაციას და თხილის ხეებს, რომელთა რაოდენობა არც ისე ბევრია, რომ თავის რჩენა შეძლოს.
_ 100 ძირი მანდარინი და თხილი კი მაქვს, მარა მოუვლელი მოისხამს? წავიდა ის დრო, როცა მკლავში ღონე მქონდა და სულ ვმუშაობდი. მოხუცი კი ვარ, მარა თავს ხომ არ მოვიკლავ?! ვერ ვიზამ მაგას, თორემ ისე, ადამიანს რომ შვილი მოუკვდება, გინდ მშიერი იყოს და გინდ მაძღარი, რაა მაგის სიცოცხლე?! _ მოხუცის წუხილს ძნელია, არ დაეთანხმო.
გერონტი ღლონტის უფროსი შვილი, გოგი ღლონტი უკრაინაში ცხოვრობს. როგორც მამა ამბობს, ის დიდი ხანია, საქართველოდან წასულია და არა თუ დახმარებას, ხმასაც ვერ აწვდენს მშობელს:
_ რა უნდა დამეხმაროს, როცა თავისთვის არაფერი აქვს?! რომ ჰქონდეს, არ გამომიგზავნის?! რამდენი წელია, მაგის ხმაც არ გამიგია. ნეტავ, თავის თავს გადაირჩენდეს, თორემ მე რას მიშველის. ახლა იქ ომია და რომელ მხარესაა, არც ის ვიცი. ისე არ მოვკვდებოდე, ამ შვილს მაინც შევავლებდე ერთხელ თვალს, _ ნატრობს მოხუცი.
გერონტი ღლონტი გვიამბობს, რომ ახალგაზრდობაში სახლის შენება დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. კომუნისტების დროს ფერმაში მუშაობდა და ხელფასიც სამყოფად ჰქონდა. დღეს არაფერი ჰყავს, რადგან საკუთარ თავსაც ვერ უვლის:
_ ძაღლიც არ მყავს, რომ დაიყეფოს ეზოში, პური ხომ უნდა ვაჭამო? ჩემი სამყოფი არ მაქვს და შიმშილით ხომ არ მოვკლავ?! ამ ერთ კატას ძლივს ვაპურებ, რომ თაგვებმა დამასვენონ.
მოხუცის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ საუბრობს მისივე თანასოფლელი, გურიის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ნესტორ მიქატაძე:
_ გაკვირვებული და შეძრწუნებული ვარ ამ კაცის მდგომარეობით. სამი წლის წინ, როცა ჩამოვედი სოფელში და ამ ყოფაში ვნახე, მას სიარული უჭირდა და მე თვითონ ჩავედი ოზურგეთში, სოციალურ სამსახურს მივაკითხე და მისი სახელით განცხადება დავწერე. დღემდე არ ვიცოდი, რომ ამ კაცისთვის თურმე არც მაშინ და არც შემდეგ, დახმარება არ დაუნიშნავთ. ერთი ესაა, ჯერ კიდევ შეუძლია სიარული. ძალიან მეცოდება ამ ყოფაში რომ ვხედავ. ვეცდები, რაღაც ფორმით დავეხმარო, _ თქვა მან.
გერონტი ღლონტს ვკითხეთ, თუ იცის მისი მდგომარეობის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავამ:
_ კი, ვნახულობ, გზაში მხვდება და კაი გამარჯობას მეუბნება. როცა არ უნდა შემხვდეს, სულ მიღიმის და მომიკითხავს, როგორ ხარო. მეტი არაფერი. ერთხელ მაგის დედა სიკვდილს გადავარჩინე _ გული გაუხდა ცუდად, მივვარდი, გამოვიყვანე ყანიდან და ასე მოასულიერეს. ადამიანები ვართ. ვინ რა იცის, რა შეემთხვევა. იმის შემდეგ, სადაც უნდა შემხვდნენ, სულ მადლობას მიხდიან და კარგ სალამს მეუბნებიან. რომ შეეძლოს, ალბათ, დამეხმარებოდა, _ ამბობს ბატონი გერონტი.
“გურია ნიუსი” გრიგოლ კოსტავასთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს, როგორც ყოველთვის, არ უპასუხა, რის მიზეზადაც “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ წერილს ასახელებს, რომელშიც საუბარი იყო სოფელ მერიის ცენტრში ჭაობად ქცეული არხების შესახებ, რომლის შუაში ადმინისტრაციული შენობა დგას.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს, თინათინ ლომჯარიას:
_ ამ პიროვნების განცხადება ჩვენთან არ შემოსულა. მე საკუთარი ფეხითაც დავდივარ ოჯახებში, სადაც გავიგებ, რომ უმწეო და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ცხოვრობენ. თუ წლების წინ ჩვენს სამსახურში ვინმე დაეხმარა გერონტი ღლონტს და განცხადება დააწერინა, აუცილებლად იქნებოდა პასუხიც. თუმცა, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მაშინ აქ არ ვმუშაობდი. გერონტი ღლონტი აუცილებლად უნდა მოვიდეს და შეავსოს განაცხადი. თუ ეს არ შეუძლია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტოხელა მოხუცს სათანადო დახმარება გავუწიოთ.