ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩქარი ტემპით მიმდინარეობს ერთსართულიანი ობიექტის მშენებლობა. “გურია ნიუსი“ ამ მშენებლობით დაინტერესდა.
ობიექტს შპს “მუხები“ აშენებს. “მუხების“ დირექტორის რობერტ გოთუას თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს რა განთავსდება შენობაში.
“მანდ შენდება კომერციული ფართები, მშენებელი არის შპს “მუხები”, მეპატრონე – ავთო ბერიძე. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა განთავსდება შენობაში. ჯერ უნდა დასრულდეს მშენებლობა და შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. ერთი მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს“, _ გვითხრა შპს “მუხების” დირექტორმა.
რობერტ გოთუას “მუხების“ მეპატრონესთან დაკავშირება ვთხოვეთ, რაზეც უარი მივიღეთ.
“მე არ მაქვს ავთო გოთუას ტელეფონის ნომერი, ქალაქ ოზურგეთის მერიაში შეგიძლიათ მოიკითხოთ, იქ იციან“, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გოთუამ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ავთო ბერიძესა და მერიას შორის არანაირი კავშირი არ არის და არც საკონტაქტო ინფორმაციას ფლობენ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “მუხებმა“ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება აუქციონზე გამარჯვების შემდეგ მიიღეს.
კონკრეტულ მშენებლობაზე მწირი ინფორმაცია აქვს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლევან მგელაძეს.
“როგორც ვიცით, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან ლამაზად კეთდება ეს შენობა. ამის ფონზე, ქვემოთ იმავე ტერიტორიაზე შენდება რაღაც უსახური ტიპის შენობა, მორალური კუთხით, ეს არის მიუღებელი“, _ გვითხრა ლევან მგელაძემ.
ქალაქ ოზურგეთში ყოველ ახალ წამოწყებულ მშენებლობაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ და პრობლემის მიზეზად ქალაქის განაშენიანების გეგმის არარსებობას ასახელებენ.
“სამი წელი, ვიძახი, რომ აუცილებელია ქალაქის განაშენიანების გეგმის გაკეთება, მაგრამ ამ დრომდე ეს არ გაკეთებულა. ეს არის ძირითადი საფუძველი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქი. რა შენობა-ნაგებობები განთავსდეს კონკრეტულ ადგილას და როგორ მოეწყოს ქალაქის ინფრასტრუქტურა. სისტემატურად უარყოფილია ჩემი და ჩემი თანამოაზრეების წინადადება იმ მოტივით, რომ საუბარია თანხის უქონლობაზე. ეს კიდევ არგუმენტი არ არის“, _ თქვა ლევან მგელაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ, როდის ექნება ქალაქს განაშენიანების გეგმა.