ამ ეტაპზე „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციაში საბოლოოდ არ შეჯერებულან ვის წარადგენენ ოქტომბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლობის კანდიდატად. პარტიაში ამბობენ, რომ გამგებლობის კანდიდატის შერჩევის პარალელურად ასევე მუშაობენ პარტიული სიის დაკომპლექტებასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაზეც.
„გამგებლობის კანდინდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ.
ჯერჯერობით არც პარტიული სია გვაქვს დაკომპლექტებული და არც სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა, ცნობილია, რომ პარტიულ სიაშია და ლანჩხუთის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს გურიის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი გორგაძე“, _ ამბობენ ლანჩხუთელი „ევროპელები“.
ირაკლი გორგაძე წარმოშობით ლანჩხუთიდან, სოფელ ჩოჩხათიდანაა. გორგაძეს წინა ხელისუფლების დროს, ჟანი კალანდაძის გუბერნატორობის პერიოდში, გუბერნატორის მოადგილის პოსტი იკავა. კალანდაძის გარდაცვალების შემდეგ კი გურიის პირველი პირის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელი იმუშავა.