ქალაქ ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა. მინისტრი გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში აღნიშნული ცენტრის სახით, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. აქვე მინდა ოზურგეთელებს ძალიან კარგი ამბავი ვუთხრა, მალე ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს საკითხი წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. აღნიშნული პროექტების გახორციელება, ჩვენს ქალაქში, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის. პირადად ჩემთვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება ორმაგად სასიხარულოა, რადგან ისტორიული მუზეუმი, ჩვენი წარსულის უმნიშვნელოვანესი საგანძურის მცველია“, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ფოლკლორის რეგიონულ ცენტრში საქართველოს ფოლკლორის ფონდის საცავი, საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდიები და სალოტბარო სკოლა მოეწყობა.
მინისტრმა ასევე ქალაქ ოზურგეთში 23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა.
ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი.
სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება. (R)