ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, ვიდრე რუსეთი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული წვრთნები ყველაზე დიდია და მასში ამერიკის 1 600 და საქართველოს 800 სამხედრო მონაწილეობს.
აშშ-მ ასევე განათავსა M1A2 ABRAMS-ის საბრძოლო ტანკები და M2 ბრედლის ქვეითთა სატრანსპორტო საშუალებები.
სამხედრო წვრთნებში, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება ასევე დიდი ბრიტანეთია ჩართული.
მაუწყებელი აღნიშნავს, რომ კავკასიური ერის მიზანს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს.
როგორც BBC წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ამ კვირაში საქართველოს სტუმრობს და მოსალოდნელია განიხილოს გეგმა, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს და რუსეთს, 2 სეპარატისტული რესპუბლიკის გამო, მწვავე ურთიერთობა აქვთ, რაც 2008 წელს ხანმოკლე ომში გადაიზარდა, რამაც სამხრეთ ოსეთისა და ახაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოკუპაცია გამოიწვია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, _”უპრეცედენტო წვრთნები ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის აშკარა გამოხატვაა საქართველოს მიმართ”.
როგორც ცნობილია, რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში საზღვაო ძალების გამოფენით საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინა.
BBC-ის ცნობით, ფინეთის ყურეში, ნევას მდინარეზე სანკტ პეტერბურგის გარშემო, 50 ხომალდი და წყალქვეშა ნავები გამოჩნდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე საზღვაო ფლოტი გამოიყვანა სირიაში, ტარტუსის ბაზაზე.
“საზღვაო ფლოტის მიზანი არ არის მარტო ტრადიციული ამოცანების შესრულება, არამედ მან უნდა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, მნიშვნელობანი წვლილი შეიტანოს ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღდეგ ბრძოლაში“,_განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა.