ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ქვებს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორადაა შერჩეული მფლობელის მიერ.
ვერძის ქვა წითელი იასპია (ეშმას ქვა). ის ტემპერატურას დაბლა სწევს. ასევე სასარგებლო მინერალია ჰელიოტროპიც, რომელიც ქონებას იცავს, რისხვასა და მელანქოლიის შემოტევებს აგაშორებთ. ვერძის ქვები თევზებს, ღრიანკალსა და კირჩხიბს არ გამოადგებათ.
კუროს ქვები საფირონი და მალაქიტია. ლურჯი საფირონი მრავალ დაავადებას კურნავს. მალაქიტი ხალხთან ურთიერთობას(მათ შორის ინტიმურსაც)ჰარმონიულს ხდის. ვერძსა და ღრიანკალს ეს ქვები არ გამოადგებათ.
ტყუპებს შეესატყვისებათ აქატი, ასევე ზურმუხტი და ქრიზოლითი, რომელთა მწვანე ფერი გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას ააქტიურებს, ადამიანს ნებისმიერ სიტუაციასთან შეგუებაში ეხმარება. ამ ქვებს მშვილდოსნებისა და თხის რქისათვის უკუჩვენება აქვთ.
კირჩხიბის მფარველად ითვლება მარგალიტი, რომელიც მთვარის ძალას ინახავს. ის სულიერი წონასწორობის შენარჩუნებასაც ეხმარება. მარგალიტი არაა რეკომენდებული გულგრილი, აგრესიული და ქედმაღალი ხალხისთვის.
ლომის ქვას მზის ფერი აქვს – ქარვა, ოქროსფერი ტოპაზი, ავანტიურინი. ასევე ლალი. ისინი სულსა და სხეულს აძლიერებს, აურას ასუფთავებს და გულის მუშაობას აუმჯობესებს. გამოადგებათ მშვილდოსანსა და ვერძს, მაგრამ რეკომენდებული არ არის სუსტი ნებისყოფისა და მეოცნებე ადამიანებისათვის.
ქალწულის ქვებია სარდიონი, მთის ბროლი, ციტრინი. ისინი აურას ასუფთავებს და ქალწულის კრიტიკულ განწყობას საჭირო მიმართულებას აძლევს. ასევე სასიკეთოდ მოქმედებს ნაწლავებზეც. ქალწულის ქვები არ გამოადგებათ ლომს, მშვილდოსანსა და თევზებს.
სასწორის ნიშნის ემოციურმა პირებმა უნდა ატარონ ნეფრიტი, რომელიც თირკმელზე სასიკეთოდ მოქმედებს. ასევე შეესაბამებათ ვარდისფერი კვარცი, ვარდისფერი ქალცედონი და იასამნისფერი ამეთვისტო.
ღრიანკალის ქვები სერპანტინი, ფირუზი და სარდონიქსია. ისინი მის შინაგან ძალას აღვიძებს და მას საჭირო მიმართულებით წარმართავს. კირჩხიბსა და თევზებს ეს ქვები არ გამოადგებათ.
მშვილდოსანს ესაჭიროება მუქი-იასამნისფერი ამეთვისტო, ყვითელი ტოპაზი, ფირუზი, ვეფხვის თვალი. ისინი წნევას დაბლა სწევს, ღვიძლს კურნავს, გაწონასწორებულ ადამიანებს ამბიციების დაცხრომაში ეხმარება. ტყუპებისა და ქალწულისათვის ეს ქვები რეკომენდებული არ არის.
თხის რქის ქვებია მთის ბროლი, ალმასი, ობსიდინი, გიშერი, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ მის მტკიცე, მიზანმიმართულ და პატივმოყვარე ხასიათს. ვერძისა და კირჩხიბისთვის ამ ქვებს უკუჩვენება აქვთ.
მერწყულს შეესატყვისება ძოწი, ლაზურიტი, ზოლიანი ონიქსი, ცირკონი. ეს თვლები მათთვისაა, ვისაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მეღება უყვართ. ისინი ინტელექტის მუშაობას სტიმულს აძლევს.
თევზებს სულის სიმშვიდის მოპოვებაში ამეთვისტო და ალექსანდრიტი დაეხმარებათ. ასევე შეესატყვისებათ ორგანული წარმოშობის მინერალები – ფირუზი, მარჯანი, სადაფი, ქარვა. თევზების ქვები ცეცხლოვან ნიშნებსა და გონებრივი შრომის მოყვარულ ადამიანებს არ გამოადგებათ.