პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ალექსანდრე სარიშვილი ამჯერად, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭანჭათის, ზემო და ქვემო აკეთის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მორჩილაძე წარადგინა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გაზიფიცირების საკითხებს ეხება. სარიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება ისე, რომ მათ ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.
„ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და წარმატებული შედეგის მისაღწევად რაციონალურად ვმართოთ რესურსები. ამისთვის კი, პრობლემების ერთობლივი განხილვა და გამოსავლის ერთად პოვნაა საჭირო“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხს, სარიშვილის თქმით, მიმდინარე წელს დაპროექტების სამუშაოები დაიწყება.