ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა თავდასხმა შტატის ისტორიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეაფასა. მისი განცხადებით, სროლას, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 30-მდე გარდაცვლილის შესახებ.
ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთაგან 23 ტაძრის შიგნით გარდაიცვალა, ორი – ეზოში, ერთი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში.
ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მსხვერპლთა ვინაობის გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ.
მომხდარის შემდეგ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ტეხასის თავდასხმის გარდა, ის გასული თვის ლას ვეგასის სროლებსაც იმოწმებს, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა.
ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში საკვირაო მესის მსვლელობისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.