2017 წლის ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად გასახორციელებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით 140 ათასი ლარი გამოეყო და საკრებულომ მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების გახორციელებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტა, 14 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს 140 ათასი ლარი გამოეყო, რაც ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად გახორციელებას მოხმარდება.
გაირკვა, რომ აღნიშნული თანხიდან 73 900 ლარი „ლანჩხუთი-სერვისის“ , რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების გატარება ევალება, ფინანსური კოლაფსის შევსებას მოხმარდება. 10 600 ლარი კი ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ერგო. აქედან, 7600 ლარით ნაკლული სახელფასო ფონდი უნდა შეივსოს, ხოლო 3000 ლარით წინასაახალწლო ღონისძიებები დაფინანსდება. 2700 ლარით მუნიციპალიტეტის გარე განათების ხარჯისთვის გამოიყოფა, ხოლო შპს ლანჩხუთის დასაფინანსებლად -13 ათასი ლარი.
წლის მიწურულს დამატებითი ტრანსფერის მიღება არახალია ლანჩხუთის ბიუჯეტისთვის. 2015 წლის ბიუჯეტი რომ არ ჩავარდნილიყო, დეკემბრის მიწურულს ფინანსთა სამინისტრომ 200 ათასი ლარი შეაშველა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. ამ წაშველებული თანხით კი გამგეობამ ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულების სრულად განხორციელებაც და თანამშრომლებისთვის საშობაოდ პრემიალური ანაზღაურების დარიგებაც შეძლო.
2016 წელს კი ფინანსთა სამინისტრომ წლის ბოლოს 250 ათასი ლარი გამოყო, რაც შემოსავლების ნაწილში აისახა, რომლის ხარჯზეც ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის დაგეგმილი მოსაკრებლის შემცირება მოხდა 250 ათასი ლარით.
გარდა დამატებითი ტრანსფერისა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად, შემცირდა საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტენიკური ზედამხედველობის მომსახურების შეყიდვა 137208 ლარით. ა(ა)იპ სპორტული ცენტრის, გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები 6556 ლარით. მათ შორის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების ფონდის ხარჯზე 6226 ლარით, თანადაფინასების ხარჯზე 330 ლარით. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის წერილის მოთხოვნის საფუძველზე,, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში მცირდება არაფინანსური აქტივების მუხლი 18500 ლარით და იზრდება სუბსიდირების მუხლი 18500 ლარით, მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.