საბერძნეთის მთავრობამ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. მედიის ცნობით, დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე თვის ბოლოს უყრიან კენჭს.
ამჟამად საბერძნეთში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება დაშვებულია. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კი მეწარმეები კანაფის წარმოებასა და გაყიდვასაც შეძლებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი კანაფის სრულად ლეგალიზებას არ აპირებს.
როგორც საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლუმ განაცხადა, საბერძნეთის მთავრობა აპირებს, რომ კანაფის კულტივირება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის დაუშვას.
საბერძნეთის მთავრობის გათვლით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის კულტივირება და წარმოება ქვეყანას ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდ ევროს შემოსავალს მოუტანს. ამასთან, 12-15 სათბურისგან შემდგარი ერთი კომპლექსი 400 სამუშაო ადგილს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში 2011 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 20%-ს აღემატება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
imedinews.ge