რა ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღმოფხვრისთვის, რომლებიც დღეს თვითმმართველ ქალაქებსა თუ სოფლებს მწვავედ აწუხებს _ ამ კითხვაზე ,,გურია ნიუსს“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ უპასუხა.
,,ბუნებრივია, შეუძლებელია ვთქვათ, რომ რეგიონები გახდება მიმზიდველი ცენტრი თბილისში წამოსული ხალხის უკან დასაბრუნებლად, თუ იქ არ იქნა ეკონომიკური განვითარება. გეტყვით, რომ ჩვენ ახლა გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარების დოკუმენტის შექმნაზე ვმუშაობთ, რომლის დასრულების შემდეგ გვსურს, გავააქტიუროთ ეს პროცესი. დოკუმენტები იწერება, მაგრამ ამ დოკუმენტებს პრაქტიკული გახორციელება სჭირდება. თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებები დიდწილად რეგიონების განვითარებას უკავშირდება. 2 მილიარდ ნახევარი არის ტურიზმიდან შემოსული თანხა. მოგახსენებთ, რომ საკმაოდ საიმედო გასაღების ბაზარზე ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, რომელიც გვაქვს და ამ ბაზრის დივერსიფიკაცია ხდება. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი ადგილზე და ზოგიერთ შემთხვევაში, არ ხდება ამ პოტენციალის საგნობრივად გამოყენება და გააქტიურება ეკონომიკურ ჭრილში.
ასე რომ, თეორიული პოლიტიკის, დოკუმენტის დონეზე ხედვა არსებობს და ამაზე მუშაობა გაგრძელდება. არსებობს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მგონია, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ინვესტიციების ინვესტიციებით ვაჭრობის თვალსაზრისით, მათ შორის, დიდი წილი ბუნებრივია, მოდის რეგიონების ჩართულობაზე“, _ გვითხრა გაბუნიამ.