საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ დაშვებული უხეში შეცდომა აღიარა და საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდიდან: www.rama.moh.gov.ge ორგანიზაციის საქმიანობისა და გამოქვეყნებული მონიტორინგის მიმართ სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის ოფიციალური განცხადება წაშალა.
როგორც ცნობილია, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ორგანიზაციის მიმართ შეუფერებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და გამონათქვამებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მძაფრი შეფასება მოჰყვა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის 9 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ვრცელი წერილი გაუგზავნეს. წერილში ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ქცევის არამართლზომიერებაზე და მინისტრს სთხოვა, სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, სადავო საკითხების განხილვის მიზნით, სააგენტოსთან დაუყოვნებლივ შეხვედრა.
2018 წლის 13 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდნენ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. შეხვედრაზე ორგანიზაციამ დაიცვა თავისი საჯარო პოზიციები, მოისმინა სააგენტოს უფროსის მოადგილეების და სამინისტროს წარმომადგენლების შეხედულებები და სადისკუსიო მაგიდა დაეთმო სააგენტოს საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების საჭიროებას. სააგენტომ სურვილი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის მომავალი თანამშრომლობა დაეფუძნებოდა პოზიციების გაცვლასა და კონსტრუქციულ დიალოგს. თავის მხრივ, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ვრცლად ისაუბრეს პაციენტთა უფლებებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათზე სააგენტოს რეაგირების ნაკლებ ეფექტიანობაზე, სფეროში ნეპოტიზმისა და კორუფციული რისკების შესწავლაზე, სააგენტოსა და სამოქალაქო სექტორთან პროფესიული ურთიერთობების ტექნიკასა და სტილისტიკაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში, სააგენტომ საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდიდან: www.rama.moh.gov.ge უწყების 2018 წლის 5 ივლისის განცხადება აიღო.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის 5 ივლისს, ამავე სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გამოაქვეყნეს მოკვლევის შედეგები („ბოლო ერთ წელიწადში, 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, აქედან 262 ექიმს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება“). წარმოდგენილ შესწავლაზე, ამავე დღეს, ოფიციალური ვრცელი შეფასება-გამოხმაურება გამოაქვეყნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, სადაც ორგანიზაციის შესწავლის შედეგებს ეწოდა „ეგრეთწოდებული“, ორგანიზაციის საქმიანობა შეფასებულ იქნა არაკორექტული, ცინიკური და შეურაცმხყოფელი ტონით და გამონათქვამებით. ამასთან, თავის განცხადებაში, სააგენტომ ისაუბრა ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ, ამჟამად სააგენტოში მიმდინარე ერთ-ერთი მოქალაქის საქმეზე, გამოთქვა წინასწარი აზრი ადმინისტრაციულ წარმოებაზე და მსჯელობა დააფუძნა ამავე საქმეზე მიღებულ გაუქმებული აქტების განმარტებებზე. სააგენტოს საჯარო განცხადებას 2018 წლის 6 ივლისს უპასუხა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ („სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განცხადება უხამსობასთან ერთად, კანონის უცოდნირობითაა ნაკარნახევი“) და აღინიშნა, რომ სააგენტოს, რომელსაც არ ჰქონდა გამოხატვის თავისუფლება, არღვევდა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებსაც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გააგრძელებს როგორც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობის მონიტორინგს, ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი უწყებების შესწავლას და იქნება პრინციპული, თანიმდევრული, პასუხისმგებლიანი და დაიცავს საჯარო ინტერესების გამოხატულებას.