“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოფელ სუფსაში არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან. ასკურავას თქმით, სოფლის რწმუნებული და თანაშემწე არჩევნების დღეს ნარკოტიკული საშუალებას დაარიგებენ.
“ინფორმაცია წყარომ მომაწოდა _ მეც მყავს ჩემი წყარო, როგორც თქვენ. ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება არ მაქვს, ეგ შს სამინისტრომ მოიპოვოს. თუ უნდათ გავიდნენ სოფლის ცენტრში და ნახონ, რა მდგომარეობაა _ მოძველბიჭო ადამიანები იკრიბებიან. ამ ყველაფერს სოფლის რწმუნებული და თანაშემწე კურირებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილის რეკომენდაციით დანიშნეს. ორივე პირი არის ნასამართლევი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობისთვის”, _ თქვა კახა ასკურავამ
კახა ასკურავას ბრიფინგს აბსურდი უწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა:
“რაც კახა ასკურავამ თქვა, არის აბსურდი. ორივე დასახელებული პიროვნება _ არის ჩემი წარმომადგენელი და მისი მოადგილე სოფელ სუფსაში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და მოსახლეობასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ”, _ გვითხრა ალექსანდრე სარიშვილმა.