“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი, რომელზეც ოზურგეთის მერიის მიერ მის წინააღმდეგ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი უნდა განხილულიყო გადაიდო.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი ამბობს, რომ სასამართლოს სხდომა მისი თხოვნით გადაიდო და პროცესი ხვალ უნდა შედგეს.
მჟავანაძის თქმით, ოქმი, რომელზეც ხელს მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე აწერს მას შემდეგ გაუგზავნეს, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა:
„2018 წლის 15 ოქტომბერს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გავაპროტესტეთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. გზაზე გავაკეთეთ წარწერა _ 41 ალი ბიძინა, 40 ყაჩაღი“.
ამ აქციის ამსახველი ფოტოები გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა და სწორედ ამის შემდეგ გამომიგზავნეს ოქმი, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე წარწერების თვითნებურად შესრულებისთვის უნდა დამაჯარიმონ”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით მჟავანაძემ.