
ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედთა მუზეუმის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ანონსს, რომ ნოემბერში მუზეუმში პოეტ მიხეილ ღანიაშვილთან შეხვედრა მოეწყობა, სოციალურ ქსელში პოლიტიკური ელფერით გაჯერებული განცხადებები მოჰყვა. ამის მიზეზი პოეტის მიერ ახლო წარსულში დაწერილი ლექსი „მოღალატე„ აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ღანიაშვილი თავის შემოქმედებაში წყევლა-კრულვას უგზავნის პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს.
პირველი, ვინც მუზეუმის მიერ პოეტის სტუმრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი ნინო მშვიდობაძეა.
„პირადად პროტესტის ნიშნად არ მივალ ამ საღამოზე!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში მშვიდობაძე და იქვე ღანიაშვილის ლექსს სათაურით „მოღალატე“ აქვეყნებს.
„აი, ამის დამწერს მასპინძლობთ… მეც მწყევლის და ჩემთან ერთად იმ 47 პროცენტს, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა… ჰოდა, უმასპინძლეთ, არავინ გიშლით. შეახსენეთ მხოლოდ, რომ წყევლა მაწყევარისაა.
პატივცემულო მუზეუმო, მიიწვიეთ ვინც გინდათ, როცა გინდათ, სადაც გინდათ. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი: მე, როგორც ერთი რიგითი ლანჩხუთელი, პროტესტის ნიშნად არ მივალ ღანიაშვილის საღამოზე, სულ რომ ტომები ჰქონდეს გამოცემული და მარგალიტები ეწეროს იმ ტომებში“, _ წერს მერიის პიარის თანამშრომელი.
შემოქმედთა მუზეუმის ხელმძღვანელს დარეჯან ბიწაძეს სოციალური ქსელის მომხმარებელი ჯონი ჩახვაძე კი აფრთხილებს, რომ ის ღანიაშვილის მასპინძლობით საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა : „ქ-ნო დარეჯან, არცთუ პატარა სკანდალში ხართ გახვეული ამ ღონისძიების ორგანიზებით. მე პირადად ამ წყევლა-კრულვამ და ლამის, ნახევარი საქართველოს მოსახლეობის გურულად რომ ვთქვა ამოდუგვა-ამოჟუჟვას და ჩაქოლვას რომ ლამობს ბ-ნი მიხეილი პირველი წაკითხვისთანავე შემზარა, ბოლომდე წაკითხვაც კი შემეშინდა. ეს არც პოლიტიკაა და არც, მითუმეტეს, ჰუმანიზმი, ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა ბოროტება ნარევი. ახლა ამას გინდ შეჩვენება უძახე და გინდ მოფერება. ჩახედეთ, ბატონებო, განმარტებით ლექსიკონში და თქვენ ნახავთ წყევლა-კრულვის განმარტებას, რომელსაც ზუსტად მოიცავს ეს ლექსი თავიდან ბოლომდე, დამეთანხმებით, ალბათ და მერე ამისთანა წყევლა და ისიც კაცისგან? წყევლა გურულების მოგონილი მეგონა მე და გურულებს წააცილა წყევლაში. აკვანიც შეურაცხყო! ხომ ხედავთ, ნაციონალებმაც კი ვერ შეუქეს მთელ საქართველოში, წარმოგიდგენიათ? ღმერთო, ყველას უშველე ქართველებში თავისი შეხედულებების მიუხედავად პოლიტიკაზე“.
„ამ ადამიანს პოეტს ვუწოდებთ? შეხვედრებს ვუწყობთ, წყევლაში გატარებული საღამო როგორი იქნება… პოლიტიკაზე ილაპარაკე, ოღონდ წყევლა–კრულვა შენთვის შეინახე. ისე, არა მგონია, თემურს ასეთი სტუმრებისთვის ემასპინძლა“, _ კომენტარს აკეთებს, ასევე, ქალაქის ყოფილი მერი და „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი სოსო ბოლქვაძე.
თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმში მიხეილ ღანიაშვილთან დაანონსებულ შეხვედრას თემურის მეგობრის მამუკა ჭყონიას კომენტარიც მოჰყვა სოციალურ ქსელში: „თემურა ფირცხალაიშვილს მიწაში ნუ გადააბრუნებთ, არ უყვარდა ასეთი რამები. თემურა რომ წამოაყენა, გაუხარდებოდა, არასდროს ფული არ ჰქონდა და დღეს რამდენი კაცი დაასაქმა მისმა შემოქმედებამ. თემურას ეცით პატივი, არ უყვარდა სააკაშვილი და მისი მეხოტბეები. ნუ მიიყვანთ მის სახლში ასეთ ადამიანებს!“
ჭყონიას ამ კომენტარს თემურის კიდევ ერთი ახლო მეგობარის, რომან ბიწაძის პასუხი მოჰყვა: „მამუკა ეს “დაასაქმა” მაგრად გჭედავს, სამწუხაროდ. მარტო სააკაშვილი არ უყვარდა ცხონებულს? შევარდნაძეზე ამოდიოდა მზე თუ ზვიადიზე? რატომ თუ დაფიქრებულხარ? იმიტომ, რომ ბევრისგან განსხვავებით, შინაგანად თავისუფალი ადამიანი იყო. ამიტომ შენი ფილოსოფია და სხვებისაც, პოეტთან ეს შეხვედრა პოლიტიკაში გადაიტანო, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ამასწინათ, ქალაქში გამოვედი, არასამუშაო დღე იყო, კონკრეტული მიზნით, შენც შემხვდი იქ. ერთი ჩვენი კარგი მეგობარი შემხვდა და მეუბნება თემურის მუზეუმში მართლა არის ლეიბორისტებთან შეხვედრაო. არათქო ვუთხარი. ჩემი თუ არ გჯერა, მიდი, დაესწარი ღონისძიებას,-მეთქი. მეორე დღეს მეუბნება ასეთი ნასიამოვნები არასდროს ვყოფილვარო! ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკის ან ლიტერატურის ცოდნაზე, იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური საჯარო სივრცე და ლიტერატურული საჯარო სივრცე სხვადასხვა კატეგორიებია. ყველაფერში პოლიტიკა რომ გვინდა დავინახოთ, იმიტომ მიდის ქვეყნის საქმე ისე, როგორც მიდის.
ამ მუზეუმში მრავალი სტუმარი ყოფილა, პოლიტიზირებულიც და აპოლიტიკურიც. აქ არასდროს გამართულა დისკუსია პოლიტიკურ თემაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თემურ ფირცხალაიშვილს პოლიტიკა არ აინტერესებდა და აქედან გამომდინარე, ეს სივრცე ჩაკეტილია დისკუსიისთვის. მე და თქვენც გვყავს სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის მეგობრები, მაგრამ ვახერხებთ ხომ, როცა ერთად ვართ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ“.
პოეტის სტუმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოლიტიკურ ჭრილში ატეხილი ვნებათაღელვის გამო ოპონენტებს შემოქმედთა მუზეუმი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საპასუხო განცხადებით ეხმაურება.
„ჩვენ ერთ დროს უარი ვუთხარით იმ წყობას, როცა შელახული იყო სიტყვის თავისუფლება, საკმაოდ ბევრი წელი გავიდა, ჩავრჩით იმ დროში, თუ ისევ ვებრძვით ამ მანკიერებას?
ბოლო–ბოლო უფლება აქვს ხელოვანს და არა მარტო ხელოვანს, გამოხატოს საკუთარი აზრი: თუნდაც წყევლით, თუნდაც ლოცვით, თუნდაც გინებით ან ფერებით?..
ჩვენი მუზეუმი პატივს სცემს ყველა ხელოვანის შემოქმედებას, საბედნიეროდ, ჯერ შეგვწევს ძალა, ხელოვანი შევაფასოთ მისი შემოქმედებით და არა მისი პირადი რაიმე პოლიტიკური აზრით, რომელიც, დამეთანხმებით, ყველა მოაზროვნე ადამიანს გააჩნია.
მიხეილ ღანიაშვილის შემოქმედებასა და პოეზიას მკითხველი კარგად იცნობს, აქვე მინდა გითხრათ, რომ ის საუკეთესო მეგობარი იყო თემურის და დღემდე მეგობრობს ჩვენს მუზეუმთან. ჩვენმა მუზეუმმაც, საბედნიეროდ, ამ კუთხით გაიცნო ეს პიროვნება. ვიმეორებთ _ საბედნიეროდ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს მუზეუმს არასოდეს მოაკლდეს ნიჭიერი სტუმრები, ჩვენ რომ პოლიტიკური მიმართულების ან თუნდაც, ჩვენს აზრზე მოსიარულეს ვეძებდეთ, მერწმუნეთ, რომ სტუმარიც აღარავინ გვეყოლებოდა.
ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, ყველა დროში, ყოველთვის ჰყავდა აქტიური, ქვეყნისთვის გულშემატკივარი, თავისუფალი აზროვნების მწერლები. ამას ზოგი როგორ გამოხატავდა და ზოგი _ როგორ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მათ შემოქმედებას დღესაც ვაფასებთ.
სამ ნოემბერს, ვისაც აინტერესებს პოეზია და არა პოლიტიკა, თემურ ფირცხალაიშვილის მუზეუმი ყველას ეპატიჟება. აქ ვერ მოისმენთ წყევლას, აქ მოისმენთ ნამდვილ ქართულ პოეზიას“, _ წერია მუზეუმის ფეისბუქგვერდზე.






































































