ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ნინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ კვირაში ქალაქის ერთ-ერთ ბაღში უვარგასი საქონლის ხორცი შეიტანეს.
“ოზურგეთის ბაღებში ძველი ,,დიდება” ბრუნდება! წინა ორშაბათს, ისევ შეიტანეს უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღს არ ვასახელებ… ხორცის ერთ-ერთი ნაჭერი ისევ დაავადებული (დაჩირქებული) აღმოჩნდა და თავიდან დატრიალდა ძველი სქემა. არ გაიგოს არავინ, დამალეთ, მშობელმა არ გაიგოს, ამ კედლებიდან ხმა არ გავიდეს და ასე შემდეგ… მერე იყო დაბარებების მთელი კასკადი გაერთიანების დირექტორთან: თუ მშობლები (მხოლოდ რამდენიმე), თუ ბაღის თანამშრიმლები… შედეგი _ ხორცი შეიცვალა ჩუმად, თუმცა, ტაშტი გატეხილი იყო და ხმაც გავარდნილი. მშობლებო, იცოდეთ, რითი იკვებება თქვენი შვილები… ის, რომ ნატურალური რძის ნაცვლად პალმის რძეს მიირთმევენ, ალბათ, იცით და გავატაროთ უნდა ხომ?! “_ ამბობს ეკა ნინიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონია ეკა ნინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეკა ნინიძის დროს შედიოდა ვარგისიანი ხორცი და ჩემს დროს შედის უვარგისი? ეს არის არასწორი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. დვაბზუს სასაკლაოზე ხდება საქონლის დაკვლა და დიდ კონტროლს გადის. დაკვლის პროცესში ცენტრის მონიტორიგის ჯგუფის წევრებიც ესწრებია, ადგილობრივი ექიმები ესწრებიან, ასევე და გასცემენ სპეციალურ საბუთს. უვარგისი პროდუქტი, რომ შესულიყო, ჩვენ გავჩერდებოდით და დავლამდით?! ეს ხომ გამორიცხულია და ამას არავინ დაუშვებს. პირველი, ვინც არის დაინტერესებული ბაღში ჯანსაღი პროდუქტი შევიდეს, ეს ჩვენი სამსახურია და პირადად მე ვარ დაინტერესებული, რამე პრობლემული პროდუქტი არ შევიდეს“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ორი კვირის წინ, გურიის ბაღებში სურსათის ეროვნული სააგენტომ პროდუქტები შეამოწმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, რომ მათი სამსახური სისტემატურად ახდენს შემოწმებას ბაღებში.
“კონკრეტულ ფაქტით აუცილებლად დავინტერესდებით და უახლოეს ხანში მოგაწვდით ინფორმაციას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
სურსათის ეროვული სააგენტოს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“მსგავსი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია“, _ ამბობს შეწირული.