6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აცხადებენ შსს-ში.
ფოტოები, შემთხვევის ადგილიდან, “გურია ნიუსს” უჩა ხუციშვილმა მოაწოდა.