ამ ეტაპზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების ფორმალური ნიშნები არ არის – აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მისი თქმით, გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა მანამდე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გუნდში მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კონსულტაციების დონეზე მაინც განიხილება.
„ჯერჯერობით მხოლოდ შიდაკონსულტაციები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე აქვს სადეპუტატო უფლებამოსილება, თუმცა არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა მისთვის შესასრულებლად.
ამ ეტაპზე ფორმალური ნიშნები, რომ შეუჩერდეს მას უფლებამოსილება ჯერ ჯერობით არ არის. გუშინ ვთქვი,რომ ამაზე მსჯელობა იქნება,შიდა კონსულტაციები იქნება. განჩინებაც არ გვინახავს. ამ ეტაპზე ფორმალური ნიშნები არ არის, რომ შეჩერდეს,“-აცხადებს მაჭარაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მისი თქმით, სწორედ ამ ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა პროკურატურის ეჭვები და მასალა საკმარისი, რომ ნიკა მელია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ იქნას ცნობილი.
„ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში სასამართლო. რასაკვირველია სასამართლო დავა გრძელდება და სასამართლომ უნდა მოგვახსენოს იყო თუ არა პროკურატურის ეჭვები და პროკურატურის მასალა, არის თუ არა საკმარისი, რომ მას ბრალი დაუმტკიცდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში,თუკი ეს მოხდა, რასაკვირველია მოხდება მისი სადეპუტატო მანდატის შეჩერება,“-აცხადებს გია ვოლსკი.
მას შემდეგ რაც ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილმა დაიწყო მსჯელობა მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამას არ გამორიცხავდა სწორედ გურამ მაჭარაშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად გაიყო, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.