ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა.
ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო.
დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება – 6 799 998 ლარს შეადგენს. (R)