ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრების დროს, ყველგან კეთდება აქცენტი მძიმე სოციალური ყოფის შესახებ და ადგილობრივებს აძლევენ რჩევებს, რომ გააშენონ მოცვის კულტურა, რომლისთვისაც გურიის მჟავე ნიადაგები ზედმიწევნით მორგებული და საუკეთესო აღმოჩნდა.
სოფელ მაკვანეთში მოსახლეობის წარმომადგენლებმა შიდა გზების მოწესრიგების საკითხების და გოგიეთის უბნის სრული გაზიფიცირებისთვის სამუშაოების დაწყების გარდა, ისაუბრეს საკუთარ გასაჭირზე, რომ თხილის მოსავალი სიდამპლემ საგრძნობლად შეამცირა, აქვთ თაფლი და ვერ ყიდიან იმის გამო, რომ მყიდველი არ ჩანს, სახელმწიფო კი ამ მხრივ დახმარებას ვერ ახერხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ურჩია ადგილობრივებს, გააშენონ მოცვის კულტურა, რომელიც საუცხოოდ მოერგო გურიის მჟავე ნიადაგს:
_ გვაქვს ორწლიანი ნერგები, რომელიც იმავე წელს იძლევა მოსავალს. გექნებათ ასპროცენტიანი დაფინანსება. ეს არ არის კრედიტი _ საჩუქარია. ნახევარი ჰა-დან 150 ჰა-მდე ფართობის მქონეთ საჩუქრად ვაძლევთ ყველაფერს, _ უთხრა მან მაკვანეთელებს, რამაც ადგილობრივი მცხოვრები ლევან ნიკოლეიშვილი ირონიული ხუმრობის ხასიათზე მოიყვანა:
_ გავაშენო მოცვი და შემიჭამონ ჩიტებმა?! მოცვს რომ გვაძალებთ, ჩაი დაგვაძალეთ _ უკეთესს რას გავაშენებთ? რა მოიტანს უკეთეს შემოსავალს? იყო მოცვი ლაითურში და მიდით და ნახეთ, რა მოგებაც ნახეს. დაიშალა და დაიფუნგა იქაურობა, _ არ ცხრებოდა ნიკოლეიშვილი.
_არ გეხუმრებით. გეხმარებით, სრულად გაფინანსებთ. მყიდველიც ადგილზე მოვა, როცა მოცვის მოსავალს მიიღებთ. ლაითურში, ალბათ, მენეჯმენტის საკითხები არ იყო სწორად დაყენებული, _ უთხრა მას კალანდაძემ.
_ აქაც რომ მოხდეს მენეჯმენტში გარღვევა, რა ვქნათ მერე? მოცვზე თუ იძლევით ასპროცენტიან დახმარებას, რატომ არ იძლევით ჩაიზე! ეს ვიღაცას უნდა, ალბათ. გეუბნებით, ან ჩიტი შეჭამს ან მწერი, ან რაღაც გამოჩნდება ფაროსანასნაირი და უყარე კაკალი. არ გვაქვს მაგის გამოცდილება თუ რა?! თაფლი აქვს ხალხს გასაყიდი და კლიენტი ვერ უპოვიათ. ამაში დაეხმარეთ, _ დააკონკრეტა თავისი მოთხოვნა ნიკოლეიშვილმა.
_ ჯერ მაგ სეგმენტზე ვერ გავალთ, _ უპასუხა თენგიზ კალანდაძემ.
_ მოცვისთვის ხართ ძალიან მომზადებული, ხომ? _ სასწრაფოდ უპასუხა ნიკოლეიშვილმა.
_ ვიმეორებ, რომ გვაქვს მოცვის საუკეთესო ნერგები, მათ შორის, ორწლიანები, რომელიც იმავე წელს იძლევა მოსავალს. სარწყავი სისტემა და ყველაფერი, რაც აუცილებელია მოცვის გასაშენებლად, გადმოგეცემათ საჩუქრად. ძალიან კარგი პროექტია და ჩაერთეთ, _ კვლავ ურჩია თენგიზ კალანდაძემ ნიკოლეიშვილს და მის გვერდით მდგომთ, თუმცა, როგორც ჩანდა, დიდად ვერ დაარწმუნა ისინი, რადგან ყველას უკმაყოფილება ეწერა სახეზე.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვობენ, მოცვის გაშენებას ვიღაც “გარედან” კარნახობს ქვეყანას.
_ ჩაის გაშენება დაგვაძალონ და ამაში მოგვცენ ასპროცენტიანი დაფინანსება, ის გვირჩევნია, მაგრამ ხომ ხედავთ, რა პასუხს გვაძლევენ _ მაინცდამაინც მოცვისთვის მოგცემთო. ისევ ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, _ თქვეს მათ.