3 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.
ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა – მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას კვლავაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.
ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. „დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა. ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.
დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2016 წლიდან დღემდე, უკვე 350-ზე მეტი შრომის ბაზრის მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.