საფრანგეთში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა. ახალი რეგულაციით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მგზავრობის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.
დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება. მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა, შენგენის ზონაში არ შეუშვან.
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.
საჭირო ყველა დოკუმენტი, რომელიც მგზავრობის მიზანს დაადასტურებს.
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს მოქმედი ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი. ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.
წყარო: იმედინიუსი