მუნიციპალიტეტებში 2019 წლის ბიუჯეტები უკვე განხილულია და ხარჯებიც დათვლილი. მათ შორის, ისიც გარკვეულია, თუ რამდენი ლარით დააჯილდოვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჯარო მოხელეები და რამდენი ლარით აუნაზღაურა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დახარჯული დრო. მართალია, ამ ხარჯებს “პრემია“ აღარ ქვია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სახელწოდების შეცვლა ბევრს არაფერს ნიშნავს.
მოსახლეობა, რომელიც “ბიუჯეტის ჯიბეს“ გადასახადებით ავსებს და საჯარო მოხელეებს ქირაობს, არც კი იცის, რაში და რა წესით გაიცემა მისივე ჯიბიდან ათეულობით ათასი ლარი.
“გურია ნიუსმა“ გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, ხელფასის გარდა, რამდენი ლარია გაცემული საჯარო მოხელეებზე და კონკრეტულად, რომელი თანამდებობის პირზე. რადგანაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დეკემბრის პირველ ნახევარში მოხდა, მონაცემები 2019 წლის 1 იანვრიდან 18 დეკემბრამდე პარიოდს მოიცავს.
ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მერიებმა და საკრებულოებმა ინფორმაციები მოგვაწოდეს, თუმცა – არასრული. მაგალითად, ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯილდოდ 1 600 ლარი გაიცა, ხოლო დანამატის სახით – 12 135,76 ლარი. თუ ვინ მიიღო ეს თანხა და რატომ, ლანჩხუთის მერიიდან გვწერენ, რომ ეს ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროებენ. აქვე დაკონკრეტებულია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის იანვრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, მუნიციპალიტეტის მერს და მის მოადგილეებს დანამატი და ჯილდო არ მიუღიათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებულ პასუხში დაკონკრეტებულია საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც, ხელფასს გარდა, თუ რა სახის ფულადი სარგებელი მიიღეს საჯარო მოხელეებმა: “საჯარო მოხელეებზე დანამატი გაიცა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე; ხოლო “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, გაიცა ჯილდო“.
ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის, მერის ბრძანების საფუძველზე, გაცემულია 46 807,5 ლარი დანამატის სახით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე წლის განმავლობაში დანამატი ორჯერ გაიცა. მათ წარმოადგინეს საშტატო ნუსხა, სადაც ჩამოთვლილია რომელი სამსახურის უფროსებზე და თანამშრომლებზე რა რაოდენობის თანხა გაიცა დანამატის სახით.
2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა 23 700 ლარი შეადგინა.
ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი, თუ კონკრეტულად რომელ საჯარო მოხელეზე (თანამდებობრივად) გაიცა სახელფასო დანამატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან, რომელმაც, ოფიციალური პასუხის თანახმად, 10 800 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის პირველი იანვრიდან 18 დეკემბრამდე, დანამატი ან ჯილდო არ გაცემულა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ასკურავას თქმით, პრემიის ან ჯილდოს მიმღებთა ვინაობა უნდა იყოს ცნობილი: “კანონმდებლობაში არის სერიოზული ხარვეზი და ამ ხარვეზის გამოსწორება “ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის მიეცა დანამატი, ჯილდო, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ბიუჯეტიდან ერიცხება ამ ხალხს ეს ფული და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ პერსონალური მონაცემებია თუ ვინ მიიღო დამატებით თანხა“, _ გვითხრა კახა ასკურავამ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, მათ შორის, მესამე პირზე გაცემა, დაიშვება, თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები არიან ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს მერიის თანამდებობის პირთა სრულ ჩამონათვალს, რომელებსაც არ აუღიათ დანამატი. მაგალითად, თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს აღებული აქვთ დანამატი ან ჯილდო, მათი ოდენობის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიიღოთ.
“გურია ნიუსში“ მიღებული ინფორმაცია მუშავდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით. ასევე, გამოვითხოვთ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 18 დეკემბრის შემდგომ გაცემული დანამატების შესახებ.