მართალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 თებერვლის სხდომა საკრებულოს ოპოზიციამ კომუნალური სამსახურის მისამართით გამოთქმული მადლობით დაიწყო, მაგრამ ცოტა ხანში სხდომა ლამის უმართავი გახდა.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ავთანდილ თადუმაძის მხრიდან გაჟღერებულ წინადადებას: „ქუჩებში მოხეტიალე მაწანწალა ძაღლების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებსო“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა.
თუმცა, უმრავლესობიდან ოპოზიციონერ დეპუტატს ბევრი დაემოწმა, ამის მიუხედავად ნუგზარ ჯამბურიას თადუმაძის შეფასება მაინც გადაჭარბებულად მიაჩნია.
საკრებულოს სხდომა მოგვიანებით დებატებში გადაიზარდა.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 18-ვე საკითხზე მეტ-ნაკლებად შენიშვნა ჰქონდა, აქედან რამდენიმეს, ოპოზიციონერ კოლეგასთან ერთად მხარი არ დაუჭირა.
მამუკა ბიბილეიშვილის განსაკუთრებული გაღიზიანება მეცამეტე საკითხის მოსმენას მოჰყვა.
მისი თქმით: ,,დადგენილებაში სიტყვა დამაკმაყოფილებელის ნაცვლად არადამაკმაყოფილებელი უნდა ეწეროს. როგორ შეიძლება მერიის მუშაობა დადებითად შეფასდეს, როცა ბიუჯეტში თანხა დაუხარჯავი გრჩება. ჩემს პრეტენზიას სულ ორი ციფრი განსაზღვრავს: სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების მხარე 99 პროცენტით შესრულდა, ხარჯვითი ნაწილი კი- 87,4 პროცენტით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების გეგმა, ანუ შესასრულებელი პროექტებმა 87, 4 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ფული და სამტრედიაში დროულად არ ხდება სამუშაოების დაგეგმვა-შესრულება. რაც მერიის არაეფექტურ-არადამაკმაყოფილებელ საქმიანობას ნიშნავს”.
ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნა არ მიიღო საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.
დავით ბაღდავაძემ თქვა, რომ: ,,ყველა პროექტი შესრულებულია, მათ შორის რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი სამუშაოები. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ობიექტი დასრულებულია. მიზნობრივი თანხები სრულად მოხმარდა ამბულატორიულ ცენტრებს, საჯარო სკოლების რემონტებს. დაახლოებით, 200-ზე მეტი ობიექტია დამთავრებული, რაც სამტრედიის მუნიციპალიტეტს არ ახსოვს. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას,არც სამართლიანად მიგვაჩნია და ვერც შენიშვნად მივიღებთ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ თემით ტრადიციულად პოპულისტობს.”