თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.