თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ოჯახები არდადეგების პერიოდში მიიღებენ არამალფუჭებადი პროდუქტებით დაფასოებულ პაკეტს.
“დღეს მსურს, თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყვეტილია.
საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება, ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც გარკვეული შეფერხებები აქვს.
აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთამხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან“, – განაცხადა კალაძემ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ხდება ამ მხრივ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის მაკა ჭყონიას თქმით, გასული კვირის პარასკევს ყველა დაცვის წესით პროდუქტები გადაეცათ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, იამზე ვაჩეშვილმა ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ: “ახალი პროდუქტების შეძენა არ მომხდარა, რადგან, როდესაც უნდა მომხდარიყო შესყიდვა იმ დღეს მოხდა ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება.“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, მაკა სულაბერიძის თქმით, არამალფულჭებადი პროდუქტები უკვე გადაეცათ ლანჩხუთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს.