„საკუთარ სახლებში, მოდით, ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება“, – აღნიშნული განცხადება რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა გააკეთა.
პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ და ეს მოუტანს მათ თავის სისუსტეებსა და ვნებებზე გამარჯვების სიხარულს.
მან, ასევე მრევლს მოუწოდა ილოცონ ახლობლებზე, მთელ მსოფლიოზე. ასევე, ილოცონ საკუთარი თავისთვის.
„რათა ღმერთმა კეთილგონიერება მოგვცეს, შეგვეწიოს ცხოვრებისეულ ცდუნებათა დაძლევაში, შეგვაცნობინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთან ერთად ყოფნა სიხარულსა და მწუხარებაში. დარწმუნებული ვარ, თუკი იძულებითი მწუხარების დღეებს ასე გადავიტანთ, ეს დღეები აღარ იქნება მწუხარების და საკუთარი თავის, სისუსტეებისა და ვნებების დაძლევის უდიდეს სიხარულს მოგვიტანს და დაგვეხმარება უფლისკენ სწრაფვის მაცხოვნებელ პერსპექტივაში“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
შაბათს, რუსეთის საპატრიარქომ, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან19 აპრილამდე ღვთისმსახურებები მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ.
მსახურებებზე დასწრება სასულიერო პირებთან ერთად შეეძლებათ პირებს, რომელთა დასწრება აუცილებელია ღვთისმსახურებისა და საკულტო შენობების ფუნქციონირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უნდა განახორციელოს ღვთისმსახურების პირდაპირი ეთერის ტრანსლირება.