საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და საჭიროებისამებრ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებასაც და ასევე კარგად ვიცნობთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ მედიკამენტს გააჩნია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ დაწესებულებებში მედიკამენტების გაძვირებაზე და 1 ლარიან პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 3 აპრილიდან ამოქმედებულია 1 ლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები გააჩნია შეუძლია დაუყონებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით.
„ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავაიდენტიფიცირეთ ამ პროგრამის პრობლემატიკა და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან ამოქმედებულია 1- ლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება შეუძლია დაუყონებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრმაით, რომელიც ეფუძნება როგორც ელექტრონულ რეცეპტს, ასევე მკაცრად კონტროლდება ექიმების მხრიდან,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.