„არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც გვაწვდიან ჩვენი მედიკოსები. თუკი რამე გაუთვალისწინებელი ან წინასწარ დაუგეგმავი მოხდა, ეს კვლავ იქნება იმაზე დამოკიდებული რამდენად გავითავისებთ პასუხისმგებლობას არამარტო სახელისუფლებო სტრუქტურები და პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ თავად საზოგადოება”, _ ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
გიორგი ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო განხილვების ჩატარების დაწყება ივნისში იგეგმება და სავარაუდოდ, ივლისისთვის დასრულებული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტზე მუშაობა.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა მონაცემით განხილვას დავიწყებთ ივნისში და ივლისში დავამთავრებთ და გვექნება პაკეტი საარჩევნო სისტემით და კონსტიტუციაში ცვლილებებით. ამის ხელისშეშლა შეუძლია მხოლოდ იმ წინასწარ დაუგეგმავ პრობლემას, რასაც ჰქვია ვირუსის შემოტევის გაფართოვება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი და მედიცინის დარგიდან მომდინარე პროგნოზები არის დამაიმედებელი, თუმცა, ქმედებები ცალკეული ჯგუფებისა არის საკმაოდ შემაშფოთებელი ამ თვალსაზრისით. ჩვენზე, პოლიტიკოსებზე რაც არის დამოკიდებული უნდა შევასრულოთ. საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილურობისათვის გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ამას ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები კარნახობენ”, _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.