ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით.
ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს. ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ.
_ბატონო შალვა, მგზავრების ფეხზე დგომა დასაშვები იქნება?
_არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე, უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები.
_ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული.
_ამას გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას.
_მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა?
_არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, – გვითხრა ორაგველიძემ.