თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით სარფში აქცია მიმდინარეობს. აქციაში ის ადამიანები, ძირითადად ქალები, მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ.
საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.
ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.