ცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადასამოწმებლად,_ ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.
ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით.
განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც.
შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას“,_ წერია განცხადებაში.