აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია _ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის არმიის საყრდენი პუნქტი დაბომბეს.
„ჩვენი ქვედანაყოფების მიერ, არტილერიის, ბომბდამშენების ტანკების გამოყენებით გაანადგურეს სომხეთის არმიის საყრდენი პუნქტი, საარტილერიო დანადგარები, საავტომობილო ტექნიკა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა“, _ განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მათი თქმით, ბრძოლაში დაიღუპა აზერბაიჯანელი უფროსი ლეიტენანტი.
„ამ დროისთვის ვითარებას ჩვენი ჯარები აკონტროლებენ და გადამწყვეტ დარტყმებს აყენებენ მტერს, რომელიც მალავს ინფორმაციას დანაკარგების შესახებ“, _ ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
საზღვარზე მდგომარეობა გუშინ დაიძაბა _ აზერბაიჯანის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი სამხედრო პოზიციები სომხეთის არმიამ დაბომბა, დაიღუპა სამი აზერბაიჯანელი სამხედრო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ცდილობდა, დაეკავებინა სომხეთის არმიის საყრდენი პუნქტი. ერევნის მონაცემებით, აზერბაიჯანელებმა დანაკარგი მიიღეს, სომხეთის არმიამ კი _ არა.