გუშინ, საღამოს, ოზურგეთის მერიაში, ზედამხედვეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, შუქრი გაბრიჩიძე გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა.
ის, საღამოს, მერიაში დაბრუნდა კონკრეტული ადგილიდან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
„ჩვენო შუქურა! ჩემო უფროსო! ჩემო შუქრი ბეი! ჩემო უმაგრესო უფროსო ძმაკაცო! ჩემო მამასავით ჩემზე მზრუნველო! ჩემო სამაგალითო ადამიანო! ჩემო მზრუნველო! ჩემო საამაყო ადამიანო! ჩემო ერთგულო! ჩემო დაუზარელო! ჩემო ყველაზე თავგადაკლულო ადამიანო!“ _ წერს სოციალურ ქსელში სამსახურის თანამშრომელი გურამ შარაშენიძე, რითაც გამოხატულია საზოგადოების სათქმელიც _ შუქრი გაბრიჩიძეს სწორედ ასეთს იცნობდნენ. მასზე ყოველთვის გაიგონებდით: „თუ სამე წასვლა გინდა, ამ შენობაში, პირველ რიგში, შუქრის უნდა უთხრა, მაშინვე მიუჯდება საჭეს“, „ფული თუ გჭირდება, თუ არ აქვს, წავა და მეზობლებში ისესხებს და მოგიტანს“ …
ადამიანობის, საიმედო კაცის უტყუარობის, პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელის ფორმულა საკუთარი თავის შესახებ, ისე არგუმენტირებულად შექმნა და დატოვა, ალბათ, ამაზე არც არასდროს უფიქრია.
„გურია ნიუსი“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ბატონი შუქრის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს და იზიარებს მის მწუხარებას.