ქვეყანაში საგანგაშოდ მოხშირებულ კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, დღეს 21:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია „შვილების გადასარჩენად“ გაიმართება.
აქცია „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით ტარდება.
„ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულყოფილად არ მუშაობს ხელისუფლების არც ერთი რგოლი, არც ერთი უწყება. ეს მდგომარეობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პროფესიონალ და წესიერ ადამიანებსაც კი აღარ უტოვებს შესაძლებლობას შეცვალონ ძალადობრივი გარემო ჩვენს ქვეყანაში. და ამის ფასს ჩვენი შვილები საკუთარი სიცოცხლით იხდიან.
მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს, შემოგვიერთდით, რათა ყველამ ერთად გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არსებულ ვითარებას და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან არა მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციის და მისი აღმოფხვრისკენ, არამედ დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს”,_ ვკითხულობთ ტექსტში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.