საკმაოდ ხანგრძლივი გვალვების და შერეული, ჭირვეული ამინდების შემდეგ, ზაფხულის განმავლობაში, გურიაში სერიოზულად გაწვიმდა. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა ოზურგეთში. წვიმა ამ დილითაც გრძელდება.
ქალაქში ტრანსპორტი ცოტა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოძრაობს. მოქალაქეები კანტი-კუნტად გადაადგილდებიან ფეხით, რადან უკვე საკმაოდ მოედინება ნიაღვარი.
„გურია ნიუსი“ უმეტესად მაღალმთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა და ვკიხეთ მათ, ხომ არ არის სტიქიური ზიანის შემთხვევები:
გოგიტა ჯანხოთელი, სოფელი სილაური: კი, ძალიან წვიმს, თუმცა, ჯერჯერობით, სიმშვიდეა. შუქი არის. ამ დროისთვის არავის მოუმართავს. სოფლის უბნებში დავდივარ დილიდან. ერთი ესაა, გაზი გაჰყავთ და გადათხრილი გზები ძალიან ატალახდა. სხვანაირად არც იქნება. ამას გავუძლებთ, მთავარია, წვიმა ხანგრძლივად არ გაგრძელდეს, _ გვითხრა ჯანხოთელმა.
გამთენიისას შუქი გამოირთო სოფელ ჭანიეთში. თუმცა, მალე კვლავ ჩაირთო. სოფელ ოზურგეთში ამ დრომდე გამორთულია.
_ გვითხრეს დაელოდეთ, ორ საათში იქნებაო, მაგრმ ამ დრომდე გამორთულია, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, რუსკა ხავთასმა.
მაია ჩავლეშვილი, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში: ამ წუთში სოფელში გავედი და მანქანა თავად ჩამივარდა თხრილში, ძლივს ამოვღოღდი. გალუმპული ვარ. მაპატიეთ, კარგად ვერ გესაუბრებით, მალე შეგეხმიანებით, წყლის არხები ავსებულია, დატბორილია ქუჩები. შემოვიარ სოფელს და მალე დაგირეკავთ, აღმა მივყვები, _ ჩქარ-ჩქარა, შეწუხებული ხმით გვიპასუხა ჩავლეშვილმა.
მიხეილ ცქიტიშვილი, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში: ხიდები შემოვიარეთ, ჯერჯერობით, საშიში არაფერია. წვიმს შეუჩერებლად. თუ რაიმე მოხდება, დგიკავშირდებით, _ გვითხრა ცქიტიშვილმა.
_სერიოზული ზიანი, ამ წუთებში არაფერია. ვუკავშიორდები ყველა სოფელს. ბევრგან არის დატბორილი ქუჩები, შიდა გზები. გასულია შესაბამისი სამსახურები დასახმარებლად, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ.