2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, 2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. მისიცე თქმით უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების, დაახლოებით, 75% ჩაირიცხა.
სოფო გორგოძის თქმით, წელსაც არიან ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა, ვერ ჩაირიცხნენ. ასეთი აპლიკანტების რაოდენობა თითქმის 500-ია.
როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ამის მიზეზი აპლიკანტების მიერ არჩეული პრიორიტეტული ჩამონათვალი გახდა. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე აბიტურიენტებისთვის, გასული წლების მსგავსად, მეორადი ჩარიცხვების დაშვება წელსაც არ იგეგმება.
“ყოველ წელს არის აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ არის ჩაჭრილი კონკრეტულ საგანში, მაგრამ იმის გამო, რომ მან ან არ აირჩია პროგრამები, ან მხოლოდ რამდენიმე პროგრამა აირჩია, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, დარჩა ამ პროცესის მიღმა. ასეთი აბიტურიენტი გასულ წელს როგორც მახსოვს 700 -ზე მეტი იყო, წელს დაახლოებით 500-მდეა მათი რიცხვი. მეორადი ჩარიცხვები რამდენიმე წელია აღარ არის სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თუ გასულ წლებში აბიტურიენტებს პროგრამების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ ლიმიტირებული, ამჟამად განუსაზღვრელი რაოდენობით შეეძლოთ მათი არჩევა, შესაბამისად მეორადმა ჩაროცხვებმა აზრი დაკარგა და რაც ეს რეგულაცია შეიცვალა,აღარ ყოფილა.შესაბამისად მეორადი ჩარიცხვები არ იგეგმება”, – აცხადებს სოფიო გორგოძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.