დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა სოფელში წყლის გაყვანას ითხოვდა, ხშირად ისმოდა ნიშნისგებით და მუქარით ნათქვამი სიტყვები: „არჩევნებზე არ მოვიდნენ აქ“… „მალე იქნება არჩევნები და ვაჩვენებთ, როგორ უნდა მოტყუება“ …„არჩევნებამდე არ მივუშვათ, წავიდეთ მერიაში და ავჭედოთ კარები“…
კითხვაზე, თუ რატომ ახსენებდნენ ხშირად არჩევნებს წყალგაყვანილობის მოთხოვნით გამართულ აქციაზე და ხმაური საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო, უფრო ხომ არ იყო დაგეგმილი, აქციის მონაწილეებმა თქვეს:
ნელი დოლიძე, ადგილობრივი მკვიდრი: რა გასაკვირია, არჩევნები რომ მოვა, ჩვენც მასე მოვატყუებთ. 23 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი გაკეთებული. წავიდნენ ახალგაზრდები, იშრომეს და გაკაფეს ადგილი, სადაც ეს ჭაბურღილი უნდა დაიდგას, მაგრამ მაინც არ გააკეთეს. არადა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეგვპირდა, რომ აუცილებლად გააკეთებდა ამ დროისთვის. ესაა სიტყვის შესრულება?
არიადნა გოგიტიძე, ხვარბეთის მცხოვრები: ჰო, არ დავინახო აქ არჩევნბზე არავინ. 73 წლის ქალი ვარ. იცი, რისკის ქვეშ ვარ. ბავშვები არიან ოჯახში. უწყლოდაა მთელი სოფელი. ჭები დაშრა. შავ დღეში ვართ…
მერი კვირკველია, ადგილობრივი მკვიდრი: გამოდგებიან და ყვირიან, ხელი დაიბანე, ეს ქენი, ის ქენი, კორონააო… რით დავიბანო ხელი?! რა დავლიოთ?! არჩევნებზე ხომ მოირბენენ?! სამი წელია, ვიხრჩობით. ყველგან გაკეთდა. ჩვენ მარტო დაპირებით გვატყუებენ.
„კი, კი, საარჩევნო აქციაა… მე კომენტარს ვერ გაგიკეთებთ… აქაური არ ვარ, უბრალოდ, მომეწონა აქცია და ვესწრები...“ _ ცოტა ირონიულად გვითხრა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
აქციის მსვლელობისას, პოლიციის წარმომადგენლები გამუდმებით მიმართავდნენ მოქალაქეებს, „თქვენ საავტომობილო გზის პიკეტირებით არღვევთ კანონს. გადადით გზიდან და ჩაატარეთ აქცია, ხელს არავინ შეგიშლით… გავატაროთ მანქანები“… თუმცა, მათ არ ემორჩილებოდნენ.
აქციის დაშლას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი ცუდად გახდა.
პოლიციამ კორდონი გააკეთა და მოძრაობაც აღდგა.
„მოიცათ, პარასკევს ისევ გადავკეტავთ გზას. არ გავჩერდებით!“ _ ყვიროდნენ ადგილობრივები.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს ესაუბრა:
_ აღნიშნულ სოფელში წყალგაყვანილობა მალე გაკეთდება, პროექტი მომზადებულია. უცებ არ კეთდება ყველაფერი… _ გვითხრა მან.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე მალე შევთავაზებთ ჩვენს მკითხველებს.